გადაუდებელი წვიმის შედეგად, დაბა ურეკი და შეკვეთილი დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კორესპონდენტი ურეკიდან იტყობინება, დატბორილია საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების პირველი სართულები, დაზიანებულია ავეჯი და ელექტროტექნიკა. დახოცილია შინაური ფრინველები, წყლით დაიფარა ქუჩაში მდგარი ავტომობილები.
მოსახლეობის თქმით, გამთენიისას, სახლებში წყლის დონე ერთ მეტრს აღწევდა, რის გამოც, ავეჯისა და ელექტროტექნიკის სახლებიდან გამოტანა ვერ ხერხდება.
სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა გურიის სამაშველო სამსახურის ბრიგადა, რომელიც სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ატარებდა.
ამ დრომდე, ურეკს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მოსახლეობის თქმით, ურეკი შარშანაც დაიტბორა, თუმცა მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა არ ახსოვთ. მათივე შეფასებით, ვითარება მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის შედეგია.
ურეკის რწმუნებულის, ბიძინა იმნაიშვილის ინფორმაციით, წვიმის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, თუმცა სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა.