ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, "ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება დასრულებულია და მასში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა ძალიან მძაფრად იკვეთება".
ამის შესახებ არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ გამოძიება დასრულებულია და წერტილი აქვს დასმული. საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა ძალიან მძაფრად იკვეთება. მე თქვენ გეტყვით დადასტურებულ ინფორმაციას, რომსულ მცირე სააკაშვილი ჟვანიას სიკვდილის წუთებში იქ იყო. დეტალებს ნუ ჩამეკითხებით, რასაც ვამბობ, გაძლევთ ზუსტ ინფორმაციას, ჟვანიას ლიკვიდაციის პროცესში სააკაშვილი იქ იყო. ასევე დაახლოებით ვიცი, სააკაშვილის გვერდით იმ პროცესში ვინ იმყოფებოდა, ჯერ ამ საკითხზე ლაპარაკი არ მინდა", - აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიების შედეგები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გასაჯაროვდება, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქე სააკაშვილი გახდება.
"ხიფათი რომ ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობიდან" საპრეზიდენტო არჩევნებში, მათ "ქართული ოცნების" კანდიდატისთვის კონკურენცია რომ გაეწიათ, მაშინ შესაძლებელია, ჟვანიას საქმის შედეგები გასაჯაროვებული ყოფილიყო, რადგან ამის საშიშროება არ არსებობს, ეს საქმე არჩევნების შემდეგ გასაჯაროვდება, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი მოქალაქე სააკაშვილი გახდება", - აცხადებს არეშიძე.