"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საკვირველია, რომ ქვეყანაში, სადაც არაერთი სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა, პრეზიდენტის რეზიდენციის თემა აქტუალურია.
ამის შესახებ ბურჯანაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას განუცხადა.
"ჩემთვის პრეზიდენტის რეზიდენციის თემა აქტუალური ნამდვილად არ არის, ქვეყანაში არის ბევრი მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემა, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამიტომ გასაკვირია, რომ დღეს ეს თემა აქტუალურად დგას. რეზიდენცია უნდა იყოს სახელმწიფო სახლისმაგვარი და ალბათ, მთავრობის კანცელარიაც და პრეზიდენტის ინსტიტუციაც განთავსდეს ამ შენობაში, იმიტომ რომ ის ძალიან დიდია იმხელა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მაგრამ დღეს ეს ნამდვილად არ არის პრიორიტეტული საკითხი", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ გარდა სოციალური და ეკონომიკური თემებისა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.