თბილისის საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებმა ყოფილ "ნაციონალ" დეპუტატებს ხურდა ფული დაუყარეს.
აქციის მონაწილეები ირაკლი შიხიაშვილს და სხვა დეპუტეტებს "ფულის მონებსა და ფულზე გაყიდულ ადამიანებს" უწოდებენ. მათი თქმით, საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" გაემიჯნენ, "მედროვეები, უღირსები და ვირთხები არიან".
აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობის წინ ყველიც მოიტანეს, რომელიც დაფშვნეს და შენობის შესასვლელთან დაყარეს. მათი თქმით, თუ ეს ყველი არ ეყოფათ, კიდევ მოიტანენ.
აქციის მონაწილეების თქმით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნა დედაქალაქის სირცხვილია. აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით "შიხა-80 უდიპლომო სასიძო", "შიხა "ქართული ოცნების" სახე".
მათივე თქმით, ქართველი ხალხის ოცნება ნამდვილად არ იყო ის, რომ ყოფილი "ნაციონალები", რომლებიც ფულსა და სკამზე არიან დახამებულები, "ოცნების" სახელით თანამდებობეზე ინიშნებოდნენ.