თბილისის საკრებულოს შენობის წინ, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის შესაძლო დანიშვნას აპროტესტებენ. აქციაში რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის "თავისუფალი ზონა" და "დროა" მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქციის მიზანია, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ირაკლი შიხიაშვილს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო.
აქციის მონაწილეების თქმით, ქართველი ხალხის ოცნება ნამდვილად არ იყო, რომ ყოფილი "ნაციონალები", რომლებიც "ფულზე და სკამებზე არიან დახამებულები", "ქართული ოცნების" სახელით თანამდებობებზე ინიშნებოდნენ.
"ჩვენ ამას არ შევეგუებით და არ დავუშვებთ," - აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერებით - "შიხა, "ოცნების" უდიპლომო სასიძო!" "შიხა, "ქართული ოცნების" სახე!"
აქციაზე პერიოდულად რთავენ ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით, სადაც ის აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს და აქციასთან მიმართებაში მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებს ამართლებს.