კანონი, რომელიც უცხოელებსა და უცხოურ ფირმებზე მიწის საკუთრების უფლების მოპოვებას აჩერებს, ძალაშია.
პარლამენტის მიერ მიღებულ ინიციატივას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და კანონში შეტანილი ცვლილებები "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.
"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვებასთან დაკავშირებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე მორატორიუმი ცხადდება.
გარდა ამისა, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, მთავრობამ ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა და მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება.
ამავე ვადაში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.