თინა ხიდაშელი:

თინა ხიდაშელი: "Washington post"-ში ვიზიტის მიზანი ინფორმაციის მიწოდება იყო

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წვერები "ვაშინგტონ პოტის" სარედაქციო კოლეგიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "Washington post"-ის ოფისში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, უმრავლესობის წევრები, თინა ხიდაშელი და თედო ჯაფარიძე და აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე ესწრებოდნენ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა გამომცემლობის სარედაქციო კოლეგიის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, "Washington post"-ში დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობითა და ირანთან დაკავშირებით გადადგმული ცალკეული ნაბიჯებით.

"ამ შეხვედრების მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს იმის თაობაზე, თუ რა ხდება ობიექტურად საქართველოში. "Washington post"-ში ჩვენი ვიზიტის მიზანი არ იყო, ის რომ ურთიერთობები გაგვერკვია, მთავარი იყო ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ასეთი შეხვედრების სიხშირით შევძლებთ გავაგებინოთ დანარჩენ მსოფლიოს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე ინფორმაციით, "Washington post"-ის სარედაქციო კოლეგიის წვერები, ასევე დაინტერესდნენ და შეკითხვები დასვეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და ირანთან არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ.