"ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოს დღევანდელ სხდომას არალეგიტიმურს უწოდებენ და ბოიკოტს უცხადებენ.
როგორც საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, გუშინ მიმდინარეობდა კონსულტაციები "ნაციონალურ მოძრაობასა" და საკრებულოში არსებულ ინტერფრაქციულ ჯგუფს შორის, თუმცა მათი მხრიდან წინადადებების შემოთავაზებასა და განხილვას ადგილი არ ქონია, დღეს კი შეხვედრების მესამე რაუნდი არ შედგა.
მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას ფრაქციის არც ერთი წევრი არ დაესწროს, რადგან საკრებულოს დღევანდელი სხდომა არალეგიტიმურია და უკანონოდ მოწვეულია.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, "ნაციონალური მოძრაობა" მას სასამართლოში გაასაჩივრებს.
"ასევე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ არ ვეპოტინებით და ვებღაუჭებით არც ერთ თანამდებობას და სკამს. ჩვენს ოპონენტებს შევთავაზეთ, რომ ეს ყველაფერი კანონიერ, რეგლამენტირებულ ჩარჩოებში, ყველაფერი კანონის სრული დაცვით მომხდარიყო და ამის მიხედვით ყოფილიყო ჩვენი გადაყენება და თანამდებობებზე ახალი ადამიანების დანიშვნა. ეს მოლაპარაკება არ შედგა. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვიღებთ", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" 26 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე მხარს არ დაუჭერს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას, რადგან შიხიაშვილი არ შეიძლება იყოს საკრებულოს თავმჯდომარე.
"ჩვენი ინფორმაციით, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით თვითონ კოალიცია "ქართულ ოცნებაშია" აზრთა სხვადასხვაობა. კოალიციის წარმომადგენლები ამ თემაზე ვერ თანხმდებიან ერთმანეთში. უნდათ, რომ ეს ყველაფერი პრემიერის საქართველოში ჩამოსვლამდე გაკეთდეს. ჩვენი ინფორმაციით, ისიც კი არ არის საქმის კურსში ამ თემასთან დაკავშირებით", - დასძინა მამუკა ახვლედიანმა.