საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სენატისა და კონგრესის წევრებს ხვდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სენატისა და კონგრესის წევრებს ხვდებიან

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი პარლამენტის წევრები სენატსა და კონგრესში შეხვედრებს მართავენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე, დავით ონოფრიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართული შეხვედრების პარალელურად, კონგრესში საგარეო ურთიერთობათა, ფინანსთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს ხვდებიან. 

დღეს მათ შეხვედრები გამართეს კონგრესმენებთან: ჯო ვილსონთან, ჯონ გარამენდთან, შონ დაფთან, ადამ კინცინგერთან და ტომ პრაისთან.

"შეხვედრები პოზიტიურად მიმდინარეობს. დაფიქსირებულია უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. არის ძალიან დიდი ინტერესი არჩევნების მიმართაც, რომელიც უნდა ჩატარდეს შემოდგომაზე. სენატორებისა და კონგრესმენების დიდი ნაწილი ქართულმა დელეგაციამ საქართველოში ოფიციალურად მოიწვია. ამერიკელ კონგრესმენებს ქართულმა მხარემ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ გეგმებზე, რაც საქართველოს გააჩნია. საუბარი იყო რუსეთის ოკუპაციაზე. ყველა გმობს იმ საოკუპაციო ქმედებებს, რასაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან", -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილიც, რომელიც ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა.