აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , მინისტრ მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით, დელეგაციის წვერებმა შეხვედრები გამართეს კონგრესსა და სენატში.
მაია ფანჯიკიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეხვდნენ დემოკრატ კონგრესმენებს ალბიო საირესსა და ელიოტ ენგელსს, წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, რესპუბლიკელ კონგრესმენს, მარიო დიაზს.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს უმცირესობის ლიდერთან, კონგრესმენ სტნი ჰოიერთან; შეხვდნენ სენატორ ბენჯამინ კარდინს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრსა და ევროპაში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თანათავმჯდომარეს.
"სენატორი კარდინი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, მან დღევანდელ შეხვედრაზე ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ თავის კოლეგებსაც კი არ ხვდება ისე ხშირად, როგორც საქართველოს წარმომადგენლებს. დღევანდელ შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად ვისაუბრეთ საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და სწორედ ამიტომ, სენატორი პირადად მოვიწვიე საქართველოში არჩევნების პერიოდში", -განაცხადა შეხვედრის დასრულებისას საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, სენატორ კარდინთან შეხვედრისას ისაუბრეს აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე, საგარეო პოლიტიკასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრას პარლამენტის წევრები თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანიც ესწრებოდნენ.
დღესვე მაია ფანჯიკიძე ბრუკინგსის ინსტიტუტის დირექტორს, ფიონა ჰილსა და ამავე ინსტიტუტის ასოცირებულ დირექტორს, ანდრიუ მოფატს შეხვდა.