მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ავლაბრის ნაცვლად, ათონელის ქუჩაზე იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა , პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში განთავსდება.
"პრეზიდენტის რეზიდენცია განთავსდება კოლმეურნეობის მოედანზე, ათონელის #25-ში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყოფილ შენობაში. ამ შენობის რემონტი და უკან პატარა შენობის მიდგმა დაწყებული იყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ. ამისთვის, კონკრეტული კომპანიისთვის, შპს "არტესისთვის" მიცემული იყო დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც, ამ კომპანიას გარკვეული სარემონტო სამუშაოები აქვს შესრულებული. კომპანიას მთლიანი მაკომპლექტებელი მასალები და სარემონტო საშუალებები აქვს შესყიდული და შეძენილი. სამუშაოებს აგრძელებს იგივე კომპანია. ჩვენ ხელშეკრულებაში ცვლილება მოვამზადეთ და ყოველკვირეული გრაფიკი გავწერეთ ამ სამუშაოების, რათა დავაკვირდეთ სამუშაოების მიმდინარეობას.", - განაცხადა ნარმაბიამ.
ნარმანიას თქმით, შენობის A ბლოკი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ხოლო B ბლოკი 2014 წლის აპრილის ბოლოს.
"შენობა შედგება ორი ბლოკისგან: A ბლოკი არის ძველი შენობა, რომლის რემონტიც უნდა მოხდეს. B ბლოკი არის უკან მიდგმული ახალი მშენებლობა, ანუ დამატებითი ფართი. A ბლოკის მშენებლობის დასრულების ვადა არის მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო, ხოლო B ბლოკის უნდა დასრულდეს 2014 წლის აპრილის ბოლოს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ეს მშენებლობა ამ ვადებში დამთავრდეს.
თუ რაიმე გარემოებამ არ შეგვიშალა ხელი, მოესწრება, რომ A ბლოკი მზად იყოს და იქ განთავსდეს მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ შენობაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალმა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
"ეს უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია, თუმცა მას მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულება შეეცვალა და იქ იქნება მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელი", - განაცხადა ნარმანიამ.