საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომობის საზოგადოებასთან ერთად "სამეწარმეო და გადახდისუუნარობის სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით" კონფერენციას მართავს.
შეხვედრა იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს ეგიდით ტარდება.
კონფერენციის მიზანია საქართველოს სამეწარმეო და გადახდისუუნარობის შესახებ კანონმდებლობის პრობლემური საკითხების განხილვა და ანალიზი, ასევე ძირითადი ნაკლოვანებების გამოვლენა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროების შეფასება.
"დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება სამეწარმეო და გაკოტრების სამართალს, ყოფილი ხელისუფლების უხეში ქირურგიული ჩარევის შედეგად სამეწარმეო სამართალი სავალალო დღეშია, უკეთეს მდგომარეობაში არაა არც გაკოტრების სამართალი. ჩვენ მოვიწვიეთ კერძო სამართლის აღიარებული ექსპერტები, რათა ვიმსჯელოთ იმაზე, რა შეიძლება ვუშველოთ ამ ძალზე მნიშვნელოვან სფეროებს, რაც იქნება საწინადარი ბიზნესის და საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარების", - განუცხადა კონფერენციის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ.
კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს სამეწარმეო და გაკოტრების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი სამეწარმეო და გადახდისუუნარობის სამართლის სისტემურ რეფორმაზე დაიწყებს მუშაობას.
როგორც იუსტიციის სამინისტორში აცხადებენ, სამეწარმეო და გადახდისუუნარობის სამართლის სფეროში რეფორმის გატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკონსტულტაციო საბჭოს შეხვედრაზე ამ სფეროში არსებული ხარვეზები გამოიკვეთა.
იუსტიციის სამინისტრო სრულ მზადყოფნას გამოხატავს ხელი შეუწყოს სამეწარმეო სამართლის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და კანონის სრულყოფას. კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოში, სულ 6 სამუშაო ჯგუფია შექმნილი: 1. სანივთო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. 2. საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. 3. სამეწარმეო და გაკოტრების სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, 4. ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, 5. პირადი უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, 6. სხვადასხვა საკითხზე მომუშავე ჯგუფი.
უწყების ინფორმაციით, თითოეული ჯგუფის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი არასამთავრობო სექტორი, სამეცნიერო აკადემიური წრეები და ბიზნესსექტორი.