EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში (EBRD)-ის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს-პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან აცნობეს, ჩაკრაბარტი ასევე შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი კოვზანაძეს.

"საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურთან ერთად სერ სუმა ჩაკრაბარტიმ EBRD-ისა და "საქართველოს ბანკის" დაფინანსებით ენერგოეფექტურობის პროგრამის ფარგლებში გარემონტებული სკოლის შენობა მოინახულა.

საქართველოში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრებზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანკის მხარდაჭერა საქართველოსადმი და აღნიშნა, რომ EBRD გააგრძელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტების მხარდაჭერას.