იტალიაში საქართველოს ელჩი, კახა სიხარულიძე არ გამორიცხავს, რომ რომში დაკავებულ ქართველთა რაოდენობა 37-ზე მეტი იყოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ელჩმა იტალიაში , კახა სიხარულიძემ განუცხადა.
მისი თქმით, წინასაწარი ინფორმაცია ამის შესახებ საელჩოს გუშინ ჰქონდა, თუმცა იტალიის პოლიციიდან ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ.
"ჯერჯერობით ზუსტი ციფრი არ არის ცნობილი, თუმცა ვშიშობ, რომ სამწუხაროდ, დაკავებულთა რაოდენობა 37-ზე მეტი შეიძლება იყოს. ჯერჯერობით, ზუსტად რამდენია დაკავებული პოლიციიდან ოფიციალური ცნობა არ მიგვიღია, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, საუბარია 37, 40 პირზე, ან არ არის გამორიცხული, უფრო მეტიც იყოს", - განაცხადა სიხარულიძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
"საუბარია ორგანიზებულ დანაშაულზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ძირითადად ბინების ქურდობაა", -განაცხადა ელჩმა.
იტალიური მედიის ინფორმაციით კი, რომში, კარაბინიერების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების წევრები, საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულთა შორის 3 ქალია.
სამართალდამცავების ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები რომსა და რომის გარეუბნებში სახლებისა და ბინების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები იყენებდნენ ე.წ. "key bumping"-ის მეთოდს, რაც საკეტზე არ ტოვებდა გატეხის კვალს. ადგილობრივი სამართალდამცველების ვარაუდით, ე.წ. "ატმიჩკები", რომლითაც საკეტების გატეხვა ხდებოდა, საქართველოში მზადდებოდა და იტალიაში სწორედ იქიდან იგზავნებოდა.
როგორც უცხოური მედია წერს, ბოლო თვეების განმავლობაში ეს უკვე მეორე სპეცოპერაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ "ორგანიზებული დანაშაულის" წინააღმდეგ ჩატარდა. 2012 წელს იტალიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ქართული დაჯგუფების 14 წევრი. დაკავებულების ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო ოქრო, ვერცხლი, სამკაულები და ძვირადღირებული კომპიუტერები, რომლის ჯამური ფასი 2 მილიონ ევროს აღწევდა.