საქართველო არის პატარა ქვეყანა და როგორც ჩანს, აქ ყოველთვის მოხდება მონაცვლეობა, - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა "ნანუკას შოუს" წამყვანის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ოდესმე ისევ მიეცემა საშუალება, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. მისი თქმით, არავინ არსად გაუჩინარდება და მონაცვლეობით იქნებიან მართვასა და ქართულ პოლიტიკაში.
"ჩვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, იმიტომ, რომ ახლა შევიქმენით. თუმცა ახალი სახეები ძნელად მოდიან. ამ გუნდმა შექმნა ქართული სახელმწიფო და ის, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო, რჩება ასწლეულები, თუ ქართული სახელმწიფო გადარჩა. ჩვენთვის კარგი რამ მოხდა – ბევრი ნაგავი მოვიშორეთ, დავინახეთ შეცდომებიც, რადგან ურემი რომ გადაბრუნდება, გზა ჩანს გადასარევად. მათ შორის ისეთი შეცდომები დავინახეთ, თქვენც არ მიხვედრილხართ, მაგრამ მე მიხვედრილი ვარ და თმები ყალყზე მიდგას, ეს როგორ მოგვივიდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ცვლილებები ქვეყნისთვისაც სასარგებლოა. მიხეილ სააკაშვილის აზრით, ხალხი მიხვდება, რომ "უფასოდ არავინ აჭმევს და ხელი უნდა გაანძრიოს". "ასევე, რამდენიც არ უნდა უპაჭუნო თვალი რუსეთს, მაინც იმას გააკეთებს, რაც თავად სურს და არ მოეწონება არც ერთი მთავრობა, თუ მას დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ერქმევა. ყველას თავისი ადგილი ექნება და ზედმეტი არავინ უნდა მოინდომოს. ბევრი რამ მოხდება ქვეყნისთვის სასარგებლო, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ შეჩერდება აღმშენებლობა, ეკონომიკა მიდის უკან, კარგავ დროს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეროვნული ორგანიზმი გაჯანსაღებული გამოვა. ყველაფერი, რაც არ კლავს, ის აძლიერებს და ყველას ვერ მოგვკლავენ. ვიღაცეებს მოკლავენ, ვიღაცეები გადავრჩებით და ამის მიხედვით უნდა დავგეგმოთ ჩვენი მომავალი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.