ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან ევროპარლამენტის დელეგაციის წევრების შეხვედრა იგეგმებოდა. ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ვიზიტის დროს თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციას უხელმძღვანელებს არნო დანჟანი. მის შემადგენლობაში შედიან ასევე კრჟიშტოფ ლისეკი ("ევროპის სახალხო პარტია"), ანა გომესი (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი), ტერესა რიერა მადურელი ("სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი") და პაველ კოვალი ("ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები").
ასევე, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის წევრები მოინახულებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში, შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრა მას შემდეგ გააუქმეს, რაც ისინი ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ. მოგვიანებით პრეზიდენტს პრემიერის პრესსამსახურმა განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გააუქმეს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომელიც თითქოს დღეს, 17 ივლისს უნდა გამართულიყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
"პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერ გაუქმდებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ემზადება უმნიშვნელოვანესი ვიზიტისთვის, რომელიც გაიმართება პოლონეთსა და ლიტვაში, რის გამოც ასეთი შეხვედრა ვერც დაიგეგმებოდა. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, მისი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ასევე არ იყო დაგეგმილი, რადგან დღეს მინისტრი მასპინძლობს თავის კოლეგას, სომხეთის თავდაცვის მინისტრს და ეს შეხვედრა დიდი ხნის წინ დაიგეგმა", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის გუშინდელ განცხადებაში.