რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთს ეწვევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა , ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ განუცხადა.
მიტროპოლიტის თქმით, რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო ღონისძიებები მოსკოვში, კიევსა და მინსკში გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დელეგაციის წევრებთან ერთად 23-30 ივლისს სამივე ქალაქში ჩაბრძანდება.
"იქნება საუბარი იმ თემებზე, რომელიც ყოველთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არის. პირველი ეს არის აფხაზეთის თემა და ქართველი მეფეების ნეშთების გადმოსვენება", - დასძინა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა.
მეუფის განმარტებით, დელეგაციის წევრები რუსეთის პატრიარქს შეხვდებიან. რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია კი ჯერ დაზუსტებული არ არის.
შეხვედრებზე დაზუსტდება ასევე ასტრახანიდან ქართველი მეფეების: ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის გადმოსვენების საკითხიც.