გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
როგორც კალანდაძემ დღეს, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის მიერ ჯარის კვებისთვის გათვალისწინებული 500 ათასი ლარიდან თანხის მითვისება სიცრუეა. მისი განმარტებით, მას და რამდენიმე ოფიცერს სახელმწიფო ბალანსზე არსებული ბინა გადაეცა და თითქოსდა მითვისებული თანხით ბინა არ შეუძენია.
"ეს არის ტყუილი და მინიმუმ რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს მინისტრი, სანამ ჩემს მუნდირს შეეხება და ასეთ ცილს დამწამებს", - განაცხადა კალანდაძემ. მისივე თქმით, ირაკლი ალასანია საკუთარი პიარითაა დაკავებული.
გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ქვეყნის პემიერსა და პრეზიდენტს მიმართა, ყურადღება გაამახვილონ იმ ფაქტზე, რომ რამდენიმე თვის წინ ტელეეთერში თავდაცვის მინისტრმა სიცრუე განაცხადა, როცა თქვა, რომ 13 ჯარისკაცი მოიწამლა.
"მოიწამლა რამდენიმე ასეული ჯრისკაცი. პირველი მოწამვლის ფაქტი მე-2 და მე-3 ბრიგადაში მოხდა. ერთი თვის შემდეგ მსგავსი ფაქტი მე-4 ბრიგადაში განმეორდა. ალასანია ამ შემთხვევებს მალავს. მეორე ფაქტი საერთოდ არ გახმაურებულა. ჯარისკაცების მოწამვლის მიზეზი უხარისხო საკვებია", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.
კალანდაძემ კიდევ ერთ ფაქტზე ისაუბრა. კერძოდ, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა აღნიშნა, რომ დღეს სამხედრო პოლიციაში იმყოფებოდა და ლოგისტიკის სარდლის, გიორგი კერესელიძის მიერ მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება გააცნეს. "თითქოს ჩემი დავალებით კერესელიძემ ზუგდიდის აქციის მოსაწყობად უკანონოდ საწვავის გამოყოფა მოახდინა. ამ საკითხზე მე დღეს მოწმის სტატუსით დამკითხეს", - დასძინა გიგი კალანდაძემ.
მისივე თქმით, ლოგისტიკის სარდალი გიორგი კერესელიძე სამხედრო პოლიციამ რამდენიმე თვის წინ ადამიანების ცემის გამო დააკავა. მან ეს დანაშაული აღიარა. შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან საეჭვო გარანტიები მიიღო და ის ციხიდან არა მარტო გაათავისუფლეს, თანამდებობაზეც დაბრუნეს.
კალანდაძემ მიმართა სამართალდამცველებს, მოიკვლიონ, რა მიზეზით შეწყდა ამ ადამიანზე საგამოძიებო მოქმედებები. გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე აპირებს, დაელოდოს სასამართლო გადაწყვეტილებებს და შემდეგ სამართლებრივი გზით გააგრძელოს ბრძოლა აღნიშნულ პირთა მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ ქმედებეზე.