ოჯახის წევრებს ვანო მერაბიშვილის მონახულებას კანონი უკრძალავს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა პატიმარი აუცილებლად უნდა იყოს ერთნაირ პირობებში.
"ციხე არ არის კემპინსკის სასტუმრო, პატიმრის მონახულებას კანონი არეგულირებს და ძიების ეტაპზე ამ პიროვნების მონახულება ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განცხადებით, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამინისტრო გამონაკლისს ვერ დაუშვებს. რაც შეეხება იმას, რომ მერაბიშვილი გამხდარია, სოზარ სუბარი ამბობს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, იგი საპყრობილეში ვარჯიშობს, ხოლო რაც შეეხება კვებას, მინისტრის თქმით, მერაბიშვილი კვებას არ უჩივის. რაც შეეხება ექიმის მონახულებას, სუბარის განცხადებით, მერაბიშვილს ამის უფლება აქვს.
"მაშინ როცა ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი, პატიმრებისთვის ექიმის მომსახურება 168 დოლარი იყო, დღეს კი ერთ პატიმარზე 680 დოლარი იხარჯება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.