გელა მებონია:  სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დათა ახალაიას დაგეგმილია

გელა მებონია: სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დათა ახალაიას დაგეგმილია

სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დათა ახალაიას დაგეგმილია, ხოლო ოლეგ მელნიკოვი მომხდარის დროს იქ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა გელა მებონიამ განუცხადა. მისი თქმით, დათა ახალაიას ბრძანების გარეშე კუდ-ის თანამშრომლები ვერც ერთ ბრძანებას ვერ შეასრულებდნენ. 

"ამ ამბის მოხდენის შემდეგ, მე უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მივედი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ჩვენ 6 ადამიანის ნაკვალევი აღმოვაჩინეთ. ერთ-ერთი ნაკვალევი იმ ფეხსაცმლის იყო, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ოლეგ მელნიკოვს ეცვა. მეექვსე ადამიანი ვინ იყო ჩემთვის უცნობია, დანარჩენი ოთხი კი ისინი იყვნენ, ვინც დააკავეს. დაკავებულები კუდის თანამშრომლები იყვნენ და ისინი დათა ახალაიას ბრძანების გარეშე არაფერს მოიმოქმედებდნენ. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ დათა ახალაიამ გასცა იმის ბრძანება, რაც იქ მოხდა", - განაცხადა მებონიამ.

მისივე თქმით, მან უშუალოდ ნახა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანდრო გირგვლიანის ცხედარი.

"ის ნაწამები და შიშველი იყო. უბრალოდ, ენით ვერ აღვწერ თუ რა მდგომარეობაში იყო ცხედარი", - აღნიშნა მებონიამ.

როგორც მებონია აცხადებს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ის პროკატურაში ჩვენების მიცემას დღეს აპირებს.

ამასთან, მებონიას თქმით, ის ჩვენებას ასევე მისცემს ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

გელა მებონია, რომელიც 2006 წელს, კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის თანამონაწილეა, აცხადებს, რომ ვაზაგაშვილისა და მისი თანმხლებების ავტომობილში იარაღის ჩადებას პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ცდილობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მებონიამ განუცხადა, იმ ავტომობილში, სადაც ვაზაგაშვილი იჯდა, იარაღი ნამდვილად იყო, თუმცა, გასროლა არ მომხდარა და ახალგაზრდების ავტომობილს 117 ტყვია სპეცრაზმელებმა, ქუჩის მეორე მხრიდან ესროლეს.

ყოფილი პოლიციელი მზადაა, ვაზაგაშვილის საქმეზე დეტალები გამოძიებას მოუყვეს. მისი განცხადებით, სროლების შემდეგ, თავად შეამოწმა BMW-ს მარკის ავტომობილი, სადაც ვაზაგაშვილი და კიდევ ორი პირი ისხდნენ, შეამოწმა იარაღიც, რომლიდანაც, გასროლა არ განხორციელებულა.

"მათ ავტომობილში იარაღი იყო, თუმცა, თავდაპირველად პოლიციელებმა ვერ შენიშნეს. ერთს - მძღოლს იარაღი ზურგის მხარეს ედო, მეორეს, ქვემოთ, ავტომობილის სავარძლის ქვეშ, ხოლო მესამეს, რომელიც უკანა სავარძელზე იჯდა, იარაღი უკან ედო, ამიტომ ვერ ნახეს პოლიციელებმა იარაღი. ამიტომ გადარეკა ფირცხალავამ და მოითხოვა, იარაღი მოიტანეთ, შარში ვართო. მოიყვანეს იარაღიანი მანქანა, მაგრამ მე ამბავი ავტეხე, ამასობაში კრიმინალისტებიც მოვიდნენ და დაიწყეს დათვალიერება", - აღნიშნა გელა მებონიამ.

მისი განცხადებით, სპეცოპერაციაში სხვა მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ვინაობას დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებას გააცნობს.