პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. ტაძარში ამ წუთებში წაიკითხეს წმინდა სახარებიდან ადგილი, სადაც უფალი მოციქულ სიმონს სახელად პეტრეს უწოდებს, რაც კლდეს ნიშნავს და ამით მას სხვა მოციქულებიდან გამოარჩევს.
სადღესასწაული წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.
მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა შორის განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრეს და წმინდა პავლეს მიაგებს და მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქული უფალთან სხვადასხვა გზებით მივიდნენ.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს ადრე სახელად სვიმონი ეწოდებოდა, მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც "კლდეს" ნიშნავს.
წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. სანამ მოციქული გახდებოდა, მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა.
წმინდა პეტრე და პავლე მოციქულის სახელობის ტაძრები პირველად რომსა და კონსტანტინეპოლში, IV საუკუნეში, წმინდა მოციქულთა სწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.