საპარლამენტო უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას "ვერ ეღირსება".
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, იგი პრეზიდენტის განცხადებას არ ეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას არც თავად ემხრობა და მიაჩნია, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ პირობითი მსჯავრი მაინც უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
"პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მზად არის, არჩილ კბილაშვილის გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილოს, თუ მას იუსტიციის მინისტრი მიმართავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ამას ვერ ეღირსება და ეს ასე არ მოხდება", - აღნიშნა აბაშიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კატეგორიულად მოითხოვა, მთავრობამ არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენების დოკუმენტი წარუდგინოს.