ამნისტია იმ პირებზე არ გავრცელდება, რომლებმაც ფარული ჩანაწერები უკვე გაავრცელეს

ამნისტია იმ პირებზე არ გავრცელდება, რომლებმაც ფარული ჩანაწერები უკვე გაავრცელეს

ფარულ ჩანაწერებთან და უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით დაგეგმილ ამნისტიის ქვეშ სსკ-ის 157-ე მუხლიც მოექცევა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი , პროექტს, რომელიც აქამდე სს კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ამნისტირებას ითვალისწინებდა, კიდევ ერთი - 157 მუხლი დაემატა. აღნიშნული მუხლი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას შეეხება. უფრო კონკრეტულად, მასში საუბარია პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებაზე, შენახვაზე და გავრცელებაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს და ასე შემდეგ.

ამასთან, როგორც პროექტის ავტორმა და ინიციატორმა ეკა ბესელიამ განმარტა, ამნისტია იმ პირებზე არ გავრცელდება, რომლებმაც გამოიყენეს ან გაავრცელეს აღნიშნული სამი მუხლით განსაზღვრული ჩანაწერები.

"28 დეკემბერს მიღებულმა "ამნისტიის შესახებ" კანონმა 158-ე და 159-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულზე პირები პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამასთან, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ პირმა, რომელმაც 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს და აღნიშნული გზით მოპოვებული ჩანაწერი დღესაც გააჩნიათ, მას ამ ორი მუხლის მიხედვით პასუხისმგებლობა მაინც არ დაეკისრებათ, რადგან ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაული გულისხმობს ჩაწერას, მიყურადებას, მოპოვებას ან გავრცელებას და შესაბამისად, არ აწესებს პასუხისმგებლობას მხოლოდ ჩანაწერის შენახვაზე. გამომდინარე აქედან, პირებმა რომელმაც 2 ოქტომბრამდე ჩაიდინეს აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული და უკანონო ჩანაწერები დღესაც გააჩნიათ, ისედაც ამნისტირებული არიან. ამნისტირების ახალი აქტი აღნიშნულ პირებს სთავაზობს უკეთესს პირობებს - ამ კატეგორიის ადამიანებს შეიძლება დაეკისროთ პასუხისმგებლობა 157-ე მუხლის თანახმად, რადგან ეს მუხლი პირადი და ოჯახური საიდუმლეობის ხელყოფას ითვალისწინებს. ამიტომ ვამატენთ პროექტს 157 მუხლს", - განმარტა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე, ამნისტიის პროექტის წარდგენისას.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას შეეხება. კერძოდ, ის ეხება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადებას, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვებას ტექნიკური საშუალების გამოყენებით. სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლი კი შეეხება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას, კერძოდ, პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ან ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევას.

ამასთან, ამნისტია გავრცელდება პირებზე, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს, ხოლო 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - 2013 წლის 1 აგვისტომდე. მიმდინარე წლის 1 აგვისტოსთან დაკავშირებით კომიტეტზე დაისვა საკითხი, ხომ არ იქნებოდა სწორი ამნისტირების ვადის წინმსწრებად - ერთი თვით ადრე განსაზღვრა, რაზეც ბესელიამაც აღნიშნა, რომ შესაძლებელია ეს თარიღი ჩასწორდეს და 1 ივლისით განისაზღვროს.