საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯები მაინც ხდება. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა , რითაც გუშინ საკორინთლოდან საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს და მავთულხლართების გავლების საკითხს გამოეხმაურა.
"ნამდვილად დაძაბული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობების გამოწორებას და ეს გარკვეულწილად შედეგიანი არის, მაინც ხდება რუსეთიდან ასეთი პროვოკაციული ნაბიჯები და ასეთი გაუმართლებელი ქმედებები, რომლებიც არც ერთ საერთაშორისო ნორმაში არ ჯდება. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მხოლოდ დიპლომატიური გზით შეგვიძლია ამ საკითხზე რეაგირება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების დროს მწვავედ დააყენა და ამ მხრივ, საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.
"დღევანდელ შეხვედრებს ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ამ თემის წამოსაწევად", - განაცხადა მინისტრმა.