ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

ხატიაშვილის წერილს "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო ბიძინა, ორი თვის წინ მოგმართეთ ღია წერილით, არ დაგეშვათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლში ისეთი ცვლილებები, რომელიც ფეოდალიზმის ეპოქაში დაგვაბრუნებდა, მაგრამ პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეთ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოში ყველა მოქმედ ადვოკატს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედმა ყველა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მხარი დაგვიჭირა, საქართველოს პარლამენტმა ადვოკატის უფლებები გაუმართლებლად შეზღუდა. აღნიშნულის შემდეგ მე რაღა თქმა უნდა, მივხვდი თქვენ საით მიგყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ის, რაც თქვენ გააკეთეთ 2013 წლის 3 ივლისს, ამას მე და ქართული სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე ცუდ სიზმარში ვერ წამოვიდგენდით. საქართველოს უახლესი ისტორია ძალიან ბევრ ფაქტს იცნობს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები მოწმეზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ მას მიეცა ის ჩვენება, რაც მათ აწყობდათ. თუ რომელიმე მოწმე არ ასრულებდა მათ მითითებას, მას ცემაში კლავდნენ. როდესაც საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამოქმედდა, მასში ყველაზე დადებითი ნორმა სასამართლოში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იყო, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლოს გარეშე მოწმის დაკითხვას უკრძალავდა. მოცემული სიახლე პოლიციასა და პროკურატურას უსპობდა საშუალებას მოწმე მიეყვანათ პოლიციის ან სხვა დაწესებულებაში და ეწამებინათ. აღნიშნული ნორმის შემოღება საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის სააკაშვილის რეჟიმზე ზეწოლის შედეგად მოხდა, მაგრამ სააკაშვილი რის სააკაშვილი იყო გამოსავალი არ მოენახა, ამიტომ ვიდრე ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამოქმედდებოდა, სააკაშვილის პარლამენტმა სააკაშვილის და ადეიშვილის ზეწოლით, მასში ცვლილება შეიტანა და ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს 332-ე მუხლი დაამატა, სადაც მიუთითა, რომ მოწმის დაკითვის ახალი წესის ამოქმედება უნდა გადაწეულიყო ერთი წლით, რადგან საჭირო იყო აღნიშნული ნოვაციისადმი სამართალდამცავი ორგანოების გადამზადება. როდესაც გავიდა ერთი წელი და სამოქალაქო საზოგადოება მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას ველოდებოდით, საქართველოს მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილი, პარლამეტარები კუკავა და ანჯაფარიძე პარლამეტში ინიციატივით შედიან, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება გადადებულიყო 2012 წლის დეკემბრამდე. მიუხედავად ჩვენი პროტესტისა, სააკაშვილის რეჟიმმა მაინც თავისი გაიტანა, მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება, რომ მოწმე დაკითხულიყო მხოლოდ სასამართლო პროცესზე, 2012 წლის დეკემბრამდე გადაიდო. თქვენი პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ, 2012 წლის თებერვალში გორის პოლიციაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე ქიმერიძე მიიყვანეს, რომელიც პოლიციის დაწესებულებაში წამების შემდეგ გარდაიცვალა. მაშინ თქვენ გულზე ხელს ირტყამდით და ამბობდით, რომ დამნაშავენი უნდა დასჯილიყვნენ და ეს აღარ უნდა მომხდარიყო. ქიმერიძის სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პარალმენტის ბრალეულობაზე აპელირებდა, რომელმაც არ აამოქმედა მოწმის დაკითხვის ახალი წესი, ვინაიდან საცოდავი ქიმერიძე რომ დაკითხულიყო პირდაპირ სასამართლო პროცესზე დღეს ცოცხალი იქნებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში, თქვენ გვპირდებოდით სამართლიან სასამართლოს და გვაიმედებდით, რომ საქართველოში ყველაფერი ერთი კაცის გადასაწყვეტი აღარ იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ თქვენ დაგიჯერეთ.

რამდენიმე დღის წინ პოლიციის დაწესებულებაში მოწმის სტატუსით მიყვანილი მამუკა მიქაუტაძე სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მას აღენიშნება წამების კვალი, მაგრამ თქვენ აღნიშნულ საკითხზე განცხადებას არ აკეთებთ და გავიწყდებათ თქვენი 1,5 წლის წინანდებლი განცხადება ქიმერიძის საქმეზე. უნდა აღინიშნოს, რომ ქიმერიძის საქმეზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პოლიციიის უფროსი თანადმებობიდან გაათავისუფლა, რაზედაც თქვენ კომენტარი გააკეთეთ, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიაო. ყველა ის უბედურება, რაც პოლიციის დაწესებულებებში მოწმეებთან მიმართებაში ხდებოდა, დაკავშირებული იყო ბაქრაძის პარლამენტის მიერ მოწმის პირდაპირ სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებით. პოლიციის დაწესებულებებში ამდენი ადამიანის წამებისა და მკვლელობის ფაქტების გახმაურების შემდეგ, პირადად მე და ალბათ, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოში კიდევ გამოჩნდებოდა ისეთი პიროვნება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ღიად დაუპირსპირდებოდა და მოითხოვდა მოწმის პირდაპირ სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებას. ჩემდა სამწუხაროდ, ეს პიროვნება აღმოჩნდით თქვენ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თურმე არ გძინავთ სამოქალაქო საზოგადოებაზე ფიქრით და სამართლიანი სასამართლოს შექმნისათვის იბრძვით. როდესაც მე მითხრეს, რომ თქვენ საქართველოს პარლამენტს მიმართეთ ინიციატივით მოწმის პირდაპირ სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებით, მე არ მჯეროდა, ვინაიდან ვიფიქრე, ამას ბიძინა ივანიშვილი როგორ იკადრებს, ადამიანის წამებას როგორ შეუწყობს ხელს-მეთქი, მაგრამ დღეს ჩამივარდა ხელში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი #20, სადაც ვკითხულობთ, რომ თქვენ მოიწონეთ ინიციატივა და მიმართეთ პარლამენტს, რომ პარლამენტმა შეიტანოს ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლში და 2014 წლის დეკემბრამდე გადაიდოს მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვა.

ბატონო პრემიერო, თქვენ აღნიშნულ ინიციატივას თუ არ გამოიხმობთ პარლამენტიდან და თქვენს შეცდომას არ აღიარებთ, რისი შანსიც ჯერ კიდევ გაქვთ, თქვენ საქართველოს ისტორიაში შეხვალთ როგორც დიქტატორი, ვინაიდან თქვენ საქართველოში პოლიციასა თუ სხვა საჯარო ორგანოებში მოწმედ დაბარებული პირების წამებას და არაადამინურ მოპყრობას აკანონებთ. როგორ შეიძლება სამართლებრივად მოაზროვნე პიროვნებას თავში მოუვიდეს აზრად, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ყველაზე პროგრესული ნორმის ამოქმედება ორი წლის ვადით გადაიტანოს და მოწმედ დაბარებული პირი არ დაკითხოს პირდაპირ სასამართლო შენობაში?! სააკაშვილის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორანიზაციებს დაჰპირდა, რომ 2012 წლის დეკემბრიდან მოწმე პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაიკითხებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებდა. თქვენ აცნობიერებთ თუ არა, რომ აღნიშნული ცვლილების ინიცირების შემდეგ, თქვენ არაფრით განსხვავდებით მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და პალიკო კუბლაშვილისგან. რა უკანონობებსაც თქვენ აკანონებთ, იმავეს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი თავისი მმართელობის წლებში. ადამიანების წამებით და გაუპატიურებით არ დაუწყია სააკაშვილის რეჟიმს საქმიანობა. მასიური ძალადობა სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო, რამაც ბევრი მისი მაღალჩინოსანი საბრალდებო სკამზე დასვა და კიდევ ბევრს მოუწევს პასუხისგება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე.

ბატონო პრემიერო, რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ რასმუსენის სტუმრობის დროს, მერიის მაღალჩინოსნების დაკავება არ იყო სწორი ნაბიჯი. თქვენ რომ ვერ ერკვევით იურისპრუდენციაში ვიცით, მაგრამ არც მაგისი გასაჭირი უნდა გქონდეთ, რომ ერთი ნორმალური იურისტი დაიქირაოთ. მთელმა საქართველომ იხილა ტელევიზიის საშუალებით სამართალდამცავებმა როგორ დაადეს ბორკილები ადამიანებს, რომლებიც შემდეგ დაკითხვის გარეშე გაათავისუფლეს. თუ თქვენ საჯაროდ აფიქსირებთ თქვენს აზრს, რომ ეს იყო დაკავება, მაშინ გამოდის, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო დაკავებას. მინდა, გაგიწიოთ იურიდიული კონსულტაცია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ უკანონო დაკავება ისჯება ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, ვინაიდან მოხდა მოქალაქეთა ნების წინააღმდეგ მათი უკანონო გადაადგილება, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების მხრიდან ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის მიმართ, რომელიც ისჯება თავისუფლების შვიდიდან ათ წლამდე აღკვეთით. ასევე სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების მხრიდან უკვე მეტისმეტი მოგივიდათ. ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა მერიის მაღალჩინოსნების უკანონო დაკავებაში, მინიმუმ 5 წლით ციხეში ჩასასმელია. ამის შემდეგ, თქვენ როგორ უნდა ისაუბროთ სამართლიანობის აღდგენაზე, მე უბრალოდ ვერ წამომიდგენია.

ბატონო პრემიერო, ვინაიდან თქვენი გარემოცვა ვირტუალურ გარემოში გამყოფებთ, მინდა, მოგცეთ ერთი რჩევა - მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს იყო თქვენზე პოპულარული. სადაც მიდიოდა ყველა კოცნიდა და სკანდირებდა – "მიშა, მიშა, მიშა", მაგრამ დღეს ვხედავთ, იგი როგორ ამთავრებს. თქვენ ასევე დიდი სიყვარულით აგირჩიათ ხალხმა და სამწუხაროდ, მეც ვიყავი თქვენი ამომრჩეველი, მაგრამ თქვენ სააკაშვილივით 98 პროცენტი არ მიგიღიათ. თქვენ თქვენი მოღვაწეობა დაიწყეთ ისე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა, დაუპირისპირდით სამოქალაქო საზოგადოებას, ამიტომ რაც მიიღო სააკაშვილმა, თქვენც იმასვე მიიღებთ.

ბატონო პრემიერო, თუ თქვენ არ გაითხოვთ თქვენს მიერ საქართველოს პარლამენტში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლში ინიცირებულ წინადადებას, რომ 2014 წლის დეკემბრადმე გადაიდოს მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვა, საქართველოში მამუკა მიქაუტაძის და სხვა პირების გარადაცვალება პირადად თქვენ დაგბრალდებათ. თავის ზეობის წლებში ვანო მერაბიშვილსაც არ ეგონა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მოხვდებოდა, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცა და იცოდეთ, ვერც თქვენ გაექცევით", - ნათქვამია ხატიაშვილის ღია წერილში.