ბიძინა ივანიშვილი საინვესტიციო ფონდში მილიარდამდე დოლარს ჩადებს

ბიძინა ივანიშვილი საინვესტიციო ფონდში მილიარდამდე დოლარს ჩადებს

საინვესტიციო ფონდში 6 მილიარდი დოლარი იქნება აკუმულირებული. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკაში $10 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია შემოვა“.

ჟურნალ „ლიბერალის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრის მიერ 2012 წლის ბოლოს დაანონსებული ფონდის ამოქმედება სექტემბრისთვის გადაიდო.

„ფონდის ინვესტორთა შორის იქნება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ასევე 2 სუვერენული ფონდი არაბეთის საემიროებიდან ფონდები აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან, თურქული, ყაზახური და ჩინური კერძო კომპანიები“, – აცხადებს ბაჩიაშვილი და დასძენს, რომ თანადამფინანსებელთა შორის იქნება თვითონ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც ფონდში დაახლოებით $1 მილიარდამდე ჩადებს.

ჟურნალის ცნობით, სექტემბრიდან ასევე უნდა ამოქმედდეს სუვერენული ფონდი, რომელიც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ჩამოყალიბდება და საბიუჯეტო თანხებით მსხვილ პროექტებს დააფინანსებს. სუვერენული ფონდის პარტნიორი იქნება საინვესტიციო ჯგუფი J.P. Morgan, რომლის ერთ-ერთი აქციონერი ბიძინა ივანიშვილია (აქვს ამ ჯგუფის $425,600 ღირებულების აქციები).

შეგახსენებთ: პირველად სუვერენული ფონდის, კერძო საინვესტიციო ფონდის და ახალგაზრდული ფონდის შექმნა პრემიერ–მინისტრმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა.

საინვესტიციო, იგივე თანადაფინანსების ფონდი კერძო კაპიტალით უნდა შეივსოს და საინტერესო ბიზნეს–იდეების შემთხვევაში პროექტის ღირებულების 25-75%–ს დააფინანსებს.