"ქვეყანაში ძალადობრივი ფონია, რომელიც მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას საფრთხეს უქმნის"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ქვეყანაში ძალადობრივი ფონია, რომელიც მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას საფრთხეს უქმნის".

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერის მიმართვის კომენტირებისას განუცხადა.

"დღეს არსებული ვითარება, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ, არის აბსოლუტურად საპირისპირო იმისა, რაზეც პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში საუბრობს. ჩვენ ადრეც ვიხილეთ პრემიერის განცხადება იმაზე, რომ უნდა შეწყდეს თვითმმართველობის ორგანოების ხელში ჩაგდება ძალადობით, დაჭერის მუქარით, ან დაჭერებით, მაგრამ რასაც რეალურად ვხედავთ არის ის, რომ ეს პროცესი გრძელდება და ბოლო მოვლენები თბილისის საკრებულოში - ეს სამარცხვინო დაჭერა, გამოშვება და ისევ დაჭერა, რასაც პრაქტიკულად "ქართული ოცნების" მხრიდან შემდეგ საკრებულოს ხელში ჩაგდება მოჰყვა, არის დასტური იმისა, რომ ამ განცხადებას სრულიად საპირისპირო ქმედება მოჰყვა. ათასობით აქტივისტს პერმანენტულად ჰკითხავენ და ეს ფონი შეუთავსებელია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩასაგდებად დეპუტატებზე ზეწოლის ახალ ეტაპს იწყებს.

"როგორც ჩანს, დეპუტატებზე ზეწოლის ახალი ეტაპი იწყება საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩასაგდებად, იმ უმრავლესობის, რომლის მანდატიც "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლებისგან არ მიუღია. საერთოდ, ქვეყანაში ფონი საკმაოდ ძალადობრივია. ჩვენ ვხედავთ ძალადობის ფაქტებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, უმცირეობების წინააღმდეგ და მოძალადეები ან საერთოდ არ ისჯებიან, ან სიმბოლურად ისჯებიან. ამ ფონზე არჩევნების სამართლიანად ჩატარება იქნება საკმაოდ პრობლემატური და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომავალ არჩევნებს. ვიმედოვნებ, რომ ამ განცხადებას ამ კურსის რეალურად შეცვლა მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ საქმე ძალიან რთულ წინასაარჩევნო პროცესთან გვექნება, რომელიც საერთოდ, ქართულ დემოკრატიას საფრთხის წინაშე დააყენებს", - აღნიშნა ბოკერიამ.