თეა წულუკიანი:

თეა წულუკიანი: "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა ადასტურებს, რომ სასამართლოს ჰქონდა და აქვს პრობლემები

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლოს ჰქონდა და აქვს პრობლემები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, ამ პრობლემების გადაჭრაზე ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულების მესვეურებთან ერთად გასული წლის ნოემბრიდან აქტიურად მუშაობს.

"ძალიან კარგია, რომ პირველად გაესვა ხაზი იმას, რომ კორუფცია მხოლოდ ფული არ არის. კორუფცია არის ახლობლობა, სხვადასხვა ტიპის გარიგება, კეთილმეზობლობის და ახლობლობის გამო არასწორი გადაწყვეტილების მიღება თუ პროკურატურის ან აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილისგან სასამართლოზე ზეწოლა. კორუფცია არის ეს ყველაფერი", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს სასამართლოს კვლევაში გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი ექნება, რადგან "პროკურატურა და აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოზე არანაირ წნეხს აღარ ახორციელებენ".

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები სასამართლოს, მედიას და პარლამენტს ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებად მიიჩნევენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხვა 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა და კითხვაზე, რომელ ინსტიტუტს მიიჩნევთ ყველაზე კორუმპირებულად, რესპონდენტების 51%-მა სასამართლო დაასახელა. 42%-ით შემდეგ ადგილზეა მედია, ხოლო პარლამენტს კორუმპირებულ ინსტიტუტად გამოკითხულთა 34% მიიჩნევს.