ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა შესაძლოა,

ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობა" დატოვოს

ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ ახლო მომავალში შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობა" დატოვოს. ბოლქვაძე იმავდროულად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების" თავმჯდომარის მოადგილეა. 

უმცირესობიდან და ფრაქციიდან წასვლის თაობაზე ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას ჯერ არ აპირებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ "ბევრ რამეს გეგმავს, მაგრამ ვერ ასრულებს".

აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ფრაქციის ხელმძღვანელმა, აკაკი ბობოხიძემ სააგენტოს განუცხადა, რომ "ბოლქვაძეს აქვს პრობლემები, რომელსაც უმრავლესობა იყენებს", თუმცა ბობოხიძეს იმედი აქვს, რომ ანზორ ბოლქვაძე პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს.

ბოლქვაძის უმცირესობიდან გასვლის შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობიდან" გამიჯნული მაჟორიტარების კიდევ ერთი ფრაქცია შეიძლება შეიქმნას. დღეს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები არიან გოჩა ენუქიძე, იაშა შერვაშიძე, მარიკა ვერულაშვილი, გურამ მისაბიშვილი და გიორგი ფეიქრიშვილი. თუ მათ რიგებს ბოლქვაძეც შეუერთდება, ახალი ფრაქცია შეიქმნება.
ამასთან, "ნაციონალების" ყოფილი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მათ არა მხოლოდ ანზორ ბოლქვაძე, არამედ სხვა დეპუტატებიც შეურთდებიან, რაზეც ოფიციალური განცხადება გაკეთდება.