საბავშვო ბაღების დაფინანსება ბიუჯეტს 60 მილიონ ლარამდე დაუჯდება

საბავშვო ბაღების დაფინანსება ბიუჯეტს 60 მილიონ ლარამდე დაუჯდება

მუნიციპალური საბავშვო ბაღების მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა, ბიუჯეტს დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაუჯდება. 

აღნიშნული ციფრი უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა, რომლის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი მეორე მოსმენით დაუბრუნდა.

დეპუტატებმა დღეს მუხლობრივად "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ" კანონებში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლის თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრება. აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება იკრძალება. ორ კანონში პირდაპირ იწერება, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ძირითად სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახულებისთვის გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება, აკრძალულია.

საკითხის მუხლობრივად განხილვის დროს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა ბავშვებზე ნაკლები მომსახურების გაწევისა და დაფინანსების გამო, პროგრამების ვერ განხორციელების საფრთხე დაინახა. მან აღნიშნული ინიციატივის საბიუჯეტო უზრუნველყოფის საკითხის წარმოდგენილ პროექტში ასახვის საკითხი წამოჭრა.

როგორც ამასთან დაკავშირებით ხიდაშელმა განმარტა, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში საბიუჯეტო ნაწილი და დაფინანსების საკითხი ვერ დარეგულირდება. დეპუტატის თქმით, აღნიშნული კანონის საფუძველზე საჭიროა შემდეგი წლიდან საბიუჯეტო კანონში შესაბამისი ცვლილებების ასახვა. მანამდე კი, ფინანსთა სამინისტრო იმის მიხედვით, თუ რა მოთხოვნებს დააყენებს თვითმმართველობები, საფინანსების საკითხს შიდა აქტით დაარეგულირებს.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების დაფინანსება ჯამში 60 მილიონი ლარია", - განაცხადა ხიდაშელმა დღევანდელ სესიაზე.

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ" კანონებითვე განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები: ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქმნება და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით; მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს 9, 10 ან 12-საათიანი, ორი დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში; უნდა ახორცილებდნენ საგანმანათლებლო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს. თავის მხრივ პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის და მიმართული უნდა იყოს გონებრივი და ფიზიკური განმტკიცებისა და ბავშვის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობების სრულყოფისკენ.

ასევე, კანონში ჩაიწერება, რომ ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სასმელი წყლითა და ცხელი წყლით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით და სამედიცინო მომსახურებით.

საკანონმდებლო პაკეტი ძალაში 2013 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა.