შსს-ში რუსეთის დუმის ის დეპუტატები დაასახელეს, რომლებიც საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ იმყოფებოდნენ

შსს-ში რუსეთის დუმის ის დეპუტატები დაასახელეს, რომლებიც საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი საპარლამენტო უმცრესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებას აგვისტოს ომის შემდეგ რუსი დეპუტატების ვიზიტის უარყოფის შესახებ სიცრუეს უწოდებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო გიორგობიანმა განაცხადა, მინაშვილმა ტყუილი თქვა.

"მე შემიძლია დაგისახელოთ სახელი და გვარები და წლები, თუ რომელ წლებში იყვნენ საქართველოში რუსი დეპუტატები ჩამოსული", – აცხადებს გიორგობიანი.

მისივე თქმით, 2009 და შემდეგ 2011 წელს საქართველოში ჩამოსული იყო ჟირონოვსკის პარტიის წევრი დენის დავითიაშვილი, 2009 წელს - ალექსანდრ ბედნოვი, 2011 წელს - ტატიანა მოსკალკოვა, 2010 წელს კი - ზელიმხან მუსოევი.

აკაკი მინაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2008 წლის შემდეგ საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტი უარყო.

ამასთან, მისივე თქმით, სერგეი მარკოვს, რომელიც არის საქართველოს დაქუცმაცების ერთ-ერთი იდეოლოგი, 2010 წელს საქართველოში ჩამოსვლა სურდა, მაგრამ ის საქართველოში ვერ შემოვიდოდა და თუ ამას გააკეთებდა ქართული მხარე მას დეპორტაციას გაუკეთებდა.

"ის აცხადებდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის დამოუკიდებელი და ის იყო ნამყოფი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ის საქართველოში ვერ შემოვიდოდა და თურმე ახლა რუს დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს დაქუცმაცებას, თურმე მორალური დისკომპორტი არ უნდა შეექმნათ. ძალიან მაინტერესებს მთაწმინდაზე სადღეგრძელოების თქმის დროს თუ აღიარეს რუსმა დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა?", - აღნიშნა მინაშვილმა.