რუსი მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა

რუსი მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა

„პირველი რადიოს“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საქართველოში რუსი მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი იმყოფებოდა.

რადიოსადგური საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსმა მილიარდერმა შეხვედრა გამართა საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, თუმცა ამ თემაზე ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ; ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა commersant.ge–ს განუცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების მიზნით რუსი ინვესტორები იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, საქართველოში ინვესტორები გადაწყვეტილი პროექტებით ჩამოდიან და, ამასთან, ინტერესი არა მარტო რუსი ბიზნესმენების, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდანაც ფიქსირდება.

თუმცა მინისტრის მოადგილე კონკრეტული კომპანიებისა და ინვესტორების დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ მათი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ივნისის ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა commersant.ge–სთან საუბარში აღნიშნა, რომ მსხვილი რუსი ინვესტორები საქართველოში საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავენ და თავად მინისტრი სისტემატურ რეჟიმში მართავს მოლაპარაკებებს რუს ინვესტორებთან. თუმცა კონკრეტული ინვესტორების დასახელებისგან გიორგი კვირიკაშვილმაც თავი შეიკავა.

ცნობისთვის: 2013 წლის მარტის მონაცემებით, ვიქტორ ვექსელბერგი TNK-BP–ს უმსხვილესი რუსი აქციონერი იყო, ასევე ფლობს „რუსალის“ 5,66%–ს. ბიზნესმენი ინოვაციური ცენტრის „სკოლკოვოს“ პრეზიდენტი და კერძო რუსული ბიზნეს–ჯგუფის „რენოვას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. დასავლური პრესა მას ვლადიმირ პუტინის „რუხ კარდინალად“ მოიხსენიებს.

მის ქონებას „ფორბსი“ 15,2 მილიარდ დოლარად აფასებს.