სოსო რობაქიძე:  რა დროს ბედუკაძეზეა ლაპარაკი, როდესაც პარლამენტში მკვლელებისა და ჯალათების არმია ზის

სოსო რობაქიძე: რა დროს ბედუკაძეზეა ლაპარაკი, როდესაც პარლამენტში მკვლელებისა და ჯალათების არმია ზის

მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ციხის სკანდალური კადრების ავტორ ლადო ბედუკაძესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 

როგორც სოსო რობაქიძემ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან საერთო ენა გამოძებნეს, რასაც ბედუკაძის შესახებ "ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი" უკავშირდება.

"ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი ბედუკაძესთან დაკავშირებით უკავშირდება იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გამოძებნეს საერთო ენა ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან. ამ ადამიანებს ეშინიათ ახალი ლადო ბედუკაძის გამოჩენის. ისინი ცდილობენ წინასწარ მოსპონ ყოველგვარი შესაძლებლობა რიგი დანაშაულების გამჟღავნებისა იმ ადამიანებში, ვისაც სინდისის ქენჯნის გამო აქვთ სურვილი მათ ხელთ არსებული ინფორმაცია პროკურატურას და საზოგადოებას მიაწოდონ. თუკი ყველა მათგანს თავიდანვე ეცოდინება, რომ ის მთელი სიმკაცრით დასჯილი იქნება, მიუხედავად გაწეული თანამშრომლობისა, უბრალოდ ხელს აიღებს განზრახვაზე - ამხილოს რეჟიმი და კონკრეტული პირები. ამის ეშინიათ მათ, ვინც ეს ქარიშქალი მოაწყო ჭიქაში. ეს იყო მთავარი პროკურატურისაგან მიცემული უდიდესი სტიმული, მათთვის, ვისაც მსგავსი დანაშაულის შესახებ აქვს კადრები და ინფორმაცია. სწორედ ამ ადამიანების ალაპარაკების შიში აიძულებს ბევრს ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ დაფარონ საკუთარი დანაშაული. მათ კარგად იმუშავეს და მოახერხეს პრემიერის შეცდომაში შეყვანა. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, სამომავლოდ არ მოხდეს იმ უმძიმესი დანაშაულების გახსნა, რომელსაც 9 წლის მანძილზე ჰქონდა ადგილი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არ სურს ბედუკაძეს აპატიოს ის, რომ მან ციხიდან კადრები გამოიტანა. რობაქიძეს კონკრეტული პირები ამ ეტაპზე არ დაუსახელებია. მისივე შეფასებით, პროკურატურაში ბევრად კარგად არის საქმე, ვიდრე სასამართლოში.

"ადრე პროკურატურის წნეხის ქვეშ იყო სასამართლო, ახლა სასამართლოს წნეხის ქვეშ არის პროკურატურა. კუბლაშვილი, მეორე ადეიშვილი არის, რომელიც ზის სასამართლოში", - აღნიშნა სოსო რობაქიძემ და დასძინა, რომ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პატიოსანი კაცია და მას ენდობა.

"როდესაც პარლამენტში სხედან გიორგი ღვინიაშვილი, გია ბარამიძე, გივი თარგამაძე და ის ხალხი, რომლებმაც "ნულოვანი ტოლერანტობა" გამოაცხადეს, ყველა არის დამნაშავე და მათ მორალური უფლება არ აქვთ ადამიანებს ულტიმატუმის ენაზე ელაპარაკონ. მკვლელებისა და ჯალათების არმია ზის პარლამენტში. რა დროს ბედუკაძეზეა ლაპარაკი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.