ომარ ნიშნიანიძე:  კისერზე შემომსხდარი

ომარ ნიშნიანიძე: კისერზე შემომსხდარი "ნაცები" მორიელების მსგავსად დაგესვლას იწყებენ

უმრავლესობის წევრს ომარ ნიშნიანიძეს მმართველი გუნდის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობა და ზოგადად, კოჰაბიტაციის პროცესი "კუ და მორიელის" იგავ-არაკს ახსენებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ "კისერზე შემომსხდარი "ნაცები" მორიელების მსგავსად აქეთ იგესლებიან".

აღნიშნული განცხადება ომარ ნიშნიანიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

"რა მოიტანა კარგი კოჰაბიტაციამ? იმის შიშით, რომ ამერიკამ და ევროპამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით დევნაში არ დაგვდოს ბრალი, თავგამოდებით ვცდილობთ "ნაცების" გადარჩენას და სამშვიდობოს გაყვანას. საბოლოოდ, ცნობილი იგავ-არაკის "კუ და მორიელის" პერსონაჟების არ იყოს, დავემსგავსეთ მათ - კისერზე შემომსხდარი "ნაცები" მორიელების მსგავსად აქეთ იწყებენ დაგესვლას. საჭიროა დროზე მოვეგოთ გონს, რომ მაშველები იქით არ გავხდეთ საშველები, რადგან მათ გესლსა და ბალზამს თუ გადავურჩით, ხალხის რისხვას ვერ გადავურჩებით", - განაცხადა ნიშნიაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მისივე შეფასებით, "წინა ხელისუფლების სიბინძურეს რიონიც ვერ გარეცხავს". ნიშნიაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, ჩაიხედონ სარკეში და ნახონ, რა დასვრილები არიან.

გარდა ამისა, ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ლადო ბედუკაძით გამწარებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მან მათი ამაზრზენი საქმეები გამოამზეურა და ციხის კადრების გასაჯაროების შემდეგ, არჩევნების გაყალბება ვეღარ მოახერხეს.

"ამ ფაქტმა გადააქცია "ნაცები" ბედუკაძის წინააღმდეგ სასტიკ შურის მაძიებლებად" - აცხადებს ნიშნიანიძე.