ფილიპ დიმიტროვი იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა საქართველოში უფრო მეტად განვითარდება

ფილიპ დიმიტროვი იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა საქართველოში უფრო მეტად განვითარდება

ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა საქართველოში უფრო მეტად განვითარდება. 

ამის შესახებ დიმიტროვმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"კარგია, რომ ასეთი შეხვედრები იმართება. კარგია იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს მართლმსაჯულების სისტემა რეფორმების განხორციელების დროს. ახალ უმაღლეს იუსტიციის საბჭოს გავეცანით, რეფორმები გრძელდება. ეს უკეთესია, ვიდრე წინა სტრუქტურის, არჩევნების და ა.შ. გათვალისწინებით. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიმედოვნებ, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა, რომელიც დემოკრატიის ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილია, უფრო მეტად განვითარდება საქართველოში", - აღნიშნა დიმიტროვმა.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, რას ფიქრობდა ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საკითხზე, დიპლომატმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს დამაჯერებელ პასუხებს გასცემენ.
"გასაგები მიზეზების გამო კომენტარს ვერ გავაკეთებ. მართლმსაჯულებაში არის ხოლმე განსაკუთრებული საქმეები. მესმის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ვიმედოვნებ, რომ თუ შესაძლებელი არ არის ამის გადაჭრა სამართლებრივი გზით, მაშინ ისეთი გზა უნდა მოიძებნოს, რომელიც უფრო დამაჯერებელი იქნება", - აცხადებს დიმიტროვი.

ამასთან, ევროკავშირის ელჩი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ კორუფციის კუთხით ჩატარებულ გამოკითხვასაც ეხმაურება და ფიქრობს, რომ შოკისმომგვრელია, როცა ძალიან მოკლე დროში ერთსა და იმავე საკითხზე საზოგადოება განსხვავებულ აზრს აფიქსირებს.

"აშკარაა, რომ ბევრი განსხვავებაა აზრებში. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, ალბათ, ნაკლებად დრამატულს გახდის ერთი მიმართულებიდან მეორზე გადასვლას", - განმარტა ელჩმა.