მარინა მიზანდარმა იშხნის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებზე კომენტარი გააკეთა

მარინა მიზანდარმა იშხნის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებზე კომენტარი გააკეთა

საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა მიზანდარმა განუცხადა.

მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე (ჭუაძის) განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, იშხნის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

მარინა მიზანდარის თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე პრეზიდენტის შენიშვნები და კომენტარები სამინისტროში არ შესულა.

"სხვა უწყებათაშორისი კონსულტაციები ხელშეკრულების პროექტს გავლილი აქვს. ამდენად, იგი თურქეთის მხარეს ვერ გადაეგზავნა და მთლიანად თურქეთის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული. რამდენჯერმე გამოავლინეს ეს კეთილი ნება, მაგრამ დღესაც ასეთი მდგომარეობაა", - აღნიშნა მიზანდარმა.

მისივე თქმით, საქართველოს კულტურის სამინისტროს სურვილი აქვს თურქეთის მხარემ იშხნის სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაუშვას ქართველი სპეციალისტები, მაგრამ ეს რთულია.

"თურქეთის მხარესაც თავისი ადმინისტრაციული დაბრკოლებები გააჩნია. როდესაც იურიდიული ფორმატი სახელმწიფოთა შორის არ არსებობს, ძალიან ძნელია, შენს ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის პროცესში სულ ვიღაცა ჩართო. ამას სჭირდება ხელშეკრულება, ლეგალური ფორმატი, რომელიც დღესდღეობით არ გვაქვს", - დასძინა მიზანდარმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი თებერვლის თვის ბოლოს გადაუგზავნა.

საქართველოსა და თურქეთში საერთო კულტურის ძეგლების რესტავრაციის პროექტს პრეზიდენტი ხელს არ აწერს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტი რაბათზე ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, რომელიც არა თურქული მხარის, არამედ საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივაა.

თურქეთში ქართველი სპეციალისტები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიშვებიან. თურქეთის მხარე რაბათში არსებულ მეჩეთის გუმბათის ოქროსფერის, ასევე ცხაურების და აბანოს კომპლექსის რეაბილიტაციას ითხოვს.

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტმა უწყებათაშორისი კონსულტაციის პროცესი თურქეთშიც უნდა გაიაროს. იშხანზე სარესტავრაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.