მიტროპოლიტი თეოდორე:  იშხანზე გუმბათის დასადგმელად სამუშაოები ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს

მიტროპოლიტი თეოდორე: იშხანზე გუმბათის დასადგმელად სამუშაოები ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე ჭუაძის განცხადებით, იშხანზე გუმბათის დასადგმელად სამუშაოები ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მეუფე თეოდორემ განუცხადა, მომლოცველებთან ერთად იმყოფებოდა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, იშხანში.

მიტროპოლიტის განმარტებით, მშენებლობაზე უსაფრთხოების დაცვის მოტივით იშხნის ტაძარის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

მისივე თქმით, იშხანში სარესტავრაციო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მცირე ეკლესიის კედელზე ჩამონგრეული ქვები უკვე ამოშენებულია და ახლით არის შეცვლილი. ძველი ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადი კი მთლიანად ამოყვანილია.

"ახლა ტაძარს თაღს ადგამენ. ქვების ერთი პირი უკვე გადაყვანილია. ეს კონსტრუქციულად რთული შესასრულებელია. თაღი რომ დაედგმება კედელს, თუ კონსტრუქცია გათვლილი არ არის, კედელი შეიძლება მთლიანად დაიშალოს. მე ვერ დავდებ თავს, რამდენად არის კონსტრუქცია გათვლილი. საჭიროა ქართველი სპეციალისტები სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დროებით მაინც დაუშვან, სანამ საქართველოსა და თურქეთს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება", - დასძინა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

მისივე განცხადებით, იშხანში არქეოლოგია უკვე განადგურებულია და ერთადერთი რაც რჩება, შენარჩუნდეს ტაძრი კონსტრუქცია და იგი მთლიანად არ დაინგრეს. "გაუძლებს თუ არა იშხნის ტაძრის კედლები ამხელა გუმბათის დადგმას? არის თუ არა პროექტი ამაზე გათვლილი? ეს არავინ არ იცის", - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.