რეგიონული განვითარების სამინისტრომ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დარღვევები აღმოაჩინა

რეგიონული განვითარების სამინისტრომ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დარღვევები აღმოაჩინა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დარღვევები აღმოაჩინა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას იკვეთება რიგი კომპანიები, რომლებიც არასრულფასოვნად ასრულებენ გზის საფარის მოწყობას. ნარმანიას ინფორმაციით, იმ მონაკვეთებზე სადაც დარღვევებია აღმოჩენილი, სამუშაოებს შპს "მოდერნ სერვისის" საქართველოს ფილიალი და "ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე." (Ergokat Makedonias S.A) აწარმოებს.

"ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება ასფალტო-ბეტონის საფარის ქვედა და ზედა ფენის სათანადო სტანდარტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს, რაც ახლად რეაბილიტირებული გზის დროის მცირე მონაკვეთში დაზიანების მიზეზი ხდება. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ზოგიერთი კონტრაქტორი კომპანია საქმიანობას დადგენილი სახელმწიფო სტანდარტისა და კონტრაქტის დარღვევით ახორციელებს. ჩვენმა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური მიდგომები საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას შესრულებული სამუშაოების კონტროლთან დაკავშირებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლობით, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, კომპანიების მიერ სამუშაოთა ხარისხიანად შესრულების შეფასების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. სწორედ ამიტომ, ხუთი სხვადასხვა გზის მონაკვეთზე, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, ამოიჭრა დაგებული გზის საფარი და ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებული ხუთი გზიდან ორზე ასფალტის საფარი სახელმწიფო სტანდარტს და ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

"დარღვევები გამოვლინდა ქუთაისი - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-14 - 22-კმ (ორპირი - ხრესილი) მონაკვეთსა და თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის (ავტომაგისტრალის)152,159 – 161, 163 - 164 და 166კმ მონაკვეთებზე. ორივე გზის მონაკვეთებზე აღებული ასფალტ-ბეტონის ზედა და ქვედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე დაგებული ასფალტ-ბეტონის ზედა და ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აღნიშნული კატეგორიის გზებისათვის დადგენილ სახელმწიფო სტანდარტებს და, ასევე, ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, ორივე საავტომობილო გზაზე ექსპერტიზით გამოვლინდა ასფალტ-ბეტონის ქვედა და ზედა ფენის სისქის შემცირებები, სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ასევე, გზის ფორიანობა, დატკეპნის ხარისხი, ბიტუმის რაოდენობა, ნარევის გრანულო-მეტრიული შემადგენლობა", - აღნიშნა მინისტრმა.

ნარმანიას ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგენა, რომ ქუთაისი - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის სისქე, ნაცვლად 6 სმ-ისა, 5,2 სმ-ია, ხოლო ზედა ფენის სისქე, ნაცვლად 4 სმ-სა, 3,2 სმ-ია.

"ქვედა ფენაში ბიტუმის პროცენტის შემცველობა ზოგიერთ მონაკვეთზე 3,1%-ია, მაშინ, როცა დასაშვები ნორმა 4,5 – 6,0%-ია. ასევე, ასფალტო-ბეტონის ზედა და ქვედა ფენებში ფორიანობის საშუალო პროცენტი 2-3 ჯერ მაღალია დასაშვებ ნორმასთან შედარებით, რაც გამოწვეულია მინერალური მასალების დაკლებით. აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოებს აწარმოებს ს.ს. "ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე." (Ergokat Makedonias S.A.). თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთზე დაგებული ასფალტ-ბეტონის საფარის ზედა და ქვედა ფენებში მინერალური მასალის გრანულო-მეტრიულობის შემცველობა პროცენტულად დასაშვებ ზღვარზე 2-4-ჯერ ნაკლებია. ასევე, ასფალტ-ბეტონის ნარევში ბიტუმის შემცველობა, ნორმასთან შედარებით, საშუალოდ, 2-4%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ასფალტ-ბეტონის სისქეს, ზოგიერთ მონაკვეთში 1,33 სმ-ით ნაკლებია პროექტით გათვალისწინებულ სისქესთან შედარებით. ასევე, ბიტუმის რაოდენობა, ზოგიერთ მონაკვეთში, 0.5-0.7 %-ით ნაკლებია დასაშვებ ნორმასთან შედარებით. აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოებს აწარმოებს შპს "მოდერნ სერვისის" საქართველოს ფილიალი. ექსპერტიზით გამოვლენილი დარღვევების შესახებ სრული დოკუმენტაცია გადაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს", - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ უმთავრესი შესრულებულ სამუშაოთა ხარისხია.

ნარმანია კატეგორიულად აფრთხილებს კონტრაქტორ კომპანიებს, დაიცვან კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები და სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტები.

"სამინისტროს მიერ პერიოდულად გადამოწმდება როგორც შესრულებული სამუშაოს ხარისხი, ისე საზედამხედველო სამსახურებზე დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება. კონტროლი განხორციელდება როგორც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოებზე, ისე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე კი სამინისტრო, შესაბამის სტურქტურებთან ერთად, უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს", - განაცხადა ნარმანიამ.