ვლადიმერ ბედუკაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჩივის

ვლადიმერ ბედუკაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჩივის

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. როგორც ბედუკაძემ დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პრეზიდენტის იმ განცხადებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, ბედუკაძემ პატიმართა წამების ამსახველი კადრების სანაცვლოდ თანხა აიღო. 

"მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალებს" დღემდე ვერ მოუნელებიათ ეს კადრები და ვერც მოინელებენ. სააკაშვილის ბრალდებას კი სასამართლოში გავასაჩივრებ", - განაცხადა ლადო ბედუკაძემ, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ კადრების სანაცვლოდ რაიმე თანხა აქვს აღებული.

ამასთან, ბედუკაძე იმ ყოფილი პატიმრების წინააღმდეგაც ჩივის, რომლებიც წამებაში მას პირადად ადანაშაულებენ.

ციხის სკანდალური კადრების ავტორი აცხადებს, რომ სამი საჩივარი ყოფილი პატიმრების ბრალდებების წინააღმდეგ, ცრუ დასმენის მუხლით, პროკურატურაში უკვე შესულია.
ამასთან, ბედუკაძე პროკურატურას მადლობას უხდის, რომ სიმართლე არ დამალა და აცხადებს, რომ საქმის მასალებში მწამებლად არც ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით არ არის დასახელებული.
იგი გამოეხმაურა უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის პოზიციასაც, რომლის მიხედვითაც, "რომ არ ყოფილიყვნენ კოლექტიური ბედუკაძეები, სისტემაში ის არ მოხდებოდა, რაც წამების კადრებშია ასახული".

ბედუკაძე ხიდაშელს ურჩევს, საქმის მასალებს გაეცნოს, ყოფილ პატიმრებთან კონსულტაციები გაიაროს და ამის შემდეგ გააკეთოს კომენტარები მის შესახებ.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების კითხვას, რატომ არ გავრცელდა წამების ამსახველი კადრები 2011 წელსვე, როდესაც ვიდეოჩანაწერების ციხიდან გამოტანა მოხდა და რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი 1 წლის განმავლობაში - 2012 წლის სექტემბრამდე, ბედუკაძემ აღნიშნა, რომ ეს იმ გუნდის გადაწყვეტილება იყო, რომელიც ფირების გავრცელებაში იყო ჩართული და მისი და მისი მეგობრების უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირდებოდა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ლადო ბედუკაძემ ასევე განაცხადა, რომ იგი გეგმავს საზოგადოებრივი მონიტორინგის ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელიც ძალოვან უწყებებს მკაცრად გააკონტროლებს და დაიცავს პატიმრების და ბრალდებულების უფლებებს.