რუსების მიერ დაკავებული ზურაბ სალამაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

რუსების მიერ დაკავებული ზურაბ სალამაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ საკორინთლოს მკვიდრი ზურაბ სალამაშვილი თავისუფალია. სალამაშვილი ოთხი დღის წინ რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. 

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მისი დაკავება მოხდა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის მტკიცებულებად კი ასახელებდნენ იმ ფაქტს, რომ სოფლის მთელ პერიმეტზე რამდენიმე თვის წინ რუსმა სამხედროებმა მავთულხლართი გააბეს და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ამ მავთულხლართების გადალახვა შეუძლებელია.

როგორც სოფელში ამბობენ, თავად რუსი მესაზღვრეები სხვადასხვა საშუალებებით ახერხებენ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოსვლას და ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავებას.

გათავისუფლებული ზურაბ სალამაშვილის და მარინა სალამაშვილი აცხადებს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებულები 2 000 რუბლიანი ჯარიმა გადახდილია, თუმცა ოჯახს არ გადაუხდია და მისთვის უცნობია, ვინ გადაიხადა აღნიშნული თანხა.