გიგი უგულავას ძმას ირაკლი უგულავას სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

გიგი უგულავას ძმას ირაკლი უგულავას სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს 2007-2012 წლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გასხვისების შემთხვევების შესწავლას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობა და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება ერთ ლარად არის გასხვისებული.

„ჩვენთვის უცნობია, იხდიდნენ თუ არა აღნიშნული პირები საშემოსავლო გადასახადებს ან საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ასევე ცალკე კვლევის საგანი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო გასცემდა სხვადასხვა სახის ქონებას გარკვეული პირობით თუ უპირობოდ კონკრეტულ პირებზე“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ და დასძენენ, რომ მიღებული ინფორმაცია შესაძლებელია ორ კატეგორიად დაიყოს: კერძო პირებზე სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება და საინვესტიციო პირობის სანაცვლოდ სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება.

„სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. მაგალითისთვის: თბილისის მერის გიგი უგულავას ძმის ირაკლი უგულავას კომპანია შპს „ჯეო ლენდი“, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ბეჟან ფარცვანია, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა, ბიზნესმენ თეიმურაზ უგულავას კომპანია შპს „ქროსვეისი“, შპს „Avante Hospital Management Group“, რომლის წილის 25%-ს ფლობს ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი, ამავე კომპანიის დირექტორია ივანე ყაჭიური, რომელიც ჯანდაცვის სამინსტროს სსიპ-ის „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ დირექტორი იყო. სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა შპს ,,ახალ ოფისს“, რომლის დამფუძნებელიც კომპანია „სილქ როუდ ბიზნეს ცენტრია“. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომპანია ცნობილ ქართველ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ეკუთვნის“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.