საპარლამენტო უმცირესობა გურამ მისაბიშვილს დაუპირისპირდა

საპარლამენტო უმცირესობა გურამ მისაბიშვილს დაუპირისპირდა

საპარლამენტო უმცირესობა დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატს გურამ მისაბიშვილს დაუპრისპირდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი პარლამენტიდან იუწყება , უმცირესობის პროტესტი მისაბიშვილის სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც ოპოზიცია ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა. 

მისი თქმით, უმცირესობა დამოუკიდებელ მაჟორიტარებს ცილს სწამებს და ნაძირალებს უწოდებს და ახლა უფრო რწმუნდებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

მისაბიშვილის ამ განცხადებას უმცირესობის საპროტესტო შეძახილები მოჰყვა, რის შემდეგაც, მისაბიშვილი ლევან ბეჟაშვილისკენ გაემართა, თუმცა დაპირისპირება მანდატურმა განმუხტა.

საპარლამენტო უმცირესობამ და ლევან ბეჟაშვილმა მისაბიშვილს სასესიო დარბაზიდან გასვლა მოსთხოვეს. დერეფანში გასული დეპუტატები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ, თუმცა სავარაუდოდ, ერთმანეთს ხელით არ შეხებიან, რადგან მათი გაშველება მანდატურმა სცადა. დეპუტატები სასესიო დარბაზს უკვე დაუბრუნდნენ.