არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვისთვის სავაჭრო ობიექტი 500 ლარით დაჯარიმდება

არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვისთვის სავაჭრო ობიექტი 500 ლარით დაჯარიმდება

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევაზეც მკაცრდება. ამ მიმართულებით შსს პარლამენტს კანონში დამატებით ახალი ჯარიმების ჩადების ინიციატივით მიმართავს. 

პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (დღეს ამ დარღვევაზე კანონი ასეთ სანქციას: - შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმებას აწესებს).

ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის ობიექტებში, არასრულწლოვანისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის არათვალსაჩინო ადგილზე განთავსება გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ზემოთ აღნიშნული ქმედებების წლის განმავლობაში განმეორება გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

გარდა ამისა, 500 ლარით დაჯარიმდება ობიექტი, თუ ის ალკოჰოლურ სასმელს არასრულწლოვანს მიყიდის. ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
აღნიშნული ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსში" შედის.