კოტე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

კოტე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. 

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, სტუმრებს სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ხედვას წარუდგენს.

"მთავარი მიმართულებები ამ კუთხით არის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დაწყება. როგორც ახალი მოსამართლეების, ისე მოქმედი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის პრინციპი უზრუნველყოფილი უნდა იქნას. ამასთან, ვფიქრობთ, სადისციპლინო სამართალწარმოების დახვეწაზე იმ კუთხით, რომ მოსამართლეების მიმართ სადისციპლინო წარმოება დაიწყოს მხოლოდ და მხოლოდ ეთიკის წესების დარღვევის ფაქტებზე და არც ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების გამო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება - საუბარი შეეხება დასაბუთებულობის ხარისხის მკვეთრად გაზრდას. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უნდა დაიხვეწოს სასწავლო პროგრამა და აქცენტი გაკეთდეს ამ კუთხით ტრენინეგებზე, იმისთვის, რომ გამართული იურიდიული ენით წერა დაიხვეწოს. ასევე ვაპირებთ, რომ სასამართლოს ადმინისტრირება და მენეჯმენტი კიდევ უფორ სრულყოფილი გახდეს. ამ კუთხით მთელი რიგი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი და ერთ-ერთი არის ის, რომ სასამართლოს მენეჯერთა და სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი იქნას შემუშავებული, რომელიც შესაძლოა მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდანაც ამოქმედდეს", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

შეხვედრას ესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანი ლევან მურუსიძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს ახალი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, ასევე მოსამართლეები. შეხვედრას მიწვეული სტუმრებიდან ამერიკის, გერმანიის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, რუმინეთის და სხვა ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.