ბიძინა ივანიშვილი:  მივმართავ

ბიძინა ივანიშვილი: მივმართავ "ნაციონალურ მოძრაობას", გამოიყენეთ საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს, საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი, გამოიყენონ. 

როგორც ბიძინა ივანიშვილი საგანგებო მიმართვაში აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან საჯარო ბოდიშსა და მონანიებას არავინ ითხოვს.

"მივმართავ ყოფილი მმართველი პარტიის – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არ ყოფილან იმ აღმაშფოთებელი დანაშაულებრივი სისტემის მონაწილე, რომლის ფორმაც და არსიც უკვე ყველასთვის აშკარაა, - გამოიყენეთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც უკანონობასთან გამიჯვნისა და ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი. თქვენგან საჯარო ბოდიშს და მონანიებას არავინ ითხოვს - ამგვარი აქტები საკუთარ სინდისთან და ღმერთთან პირისპირ დარჩენის დროს მოგვეთხოვება ყველას. შეეცადეთ, ქართველ ხალხს გულწრფელად აუხსნათ, რა მოხდა და რატომ მოხდა. ეს მხოლოდ თქვენ არ გჭირდებათ, ეს ქვეყანას სჭირდება. თქვენ საკუთარ მაგალითზე ყველაზე უკეთ შეგიძლიათ წარმოაჩინოთ, როგორ გარდაუვლად იყრება წყალში ქვეყნისთვის სამსახურის ყველა მცდელობა, როდესაც იმავდროულად ერთპიროვნული მმართველობა მკვიდრდება, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია ცხადდება, ძალაუფლება კანონის ჩარჩოებს სცდება და განსხვავებული აზრი იდევნება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ მოგეცეთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. დანარჩენი – ქართველი ხალხის გადასაწყვეტია", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნებაში" შემავალ იმ პოლიტიკურ ძალებსაც მიმართავს, რომლებიც მისი თქმით, "წლების განმავლობაში უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი იყვნენ" და მოუწოდებს, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დაამტკიცონ, რომ სამაგიეროს გადახდა მათი პრინციპი არ არის.