გოკა გაბაშვილი:   მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის შეცვლის საკითხი არ განხილულა

გოკა გაბაშვილი: მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის შეცვლის საკითხი არ განხილულა

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის შეცვლის საკითხი არ განხილულა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუმარტა, ეს აკაკი ბობოხიძის პირადი აზრია და საკითხი არც პარტიაში და არც ფრაქციაში არ განხილულა.

"რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საუბარია მომავალზე, ძალიან ბევრ სიახლეს ვგეგმავთ და პარტიაში ისედაც ხდება განახლება. მაგრამ ეს ინიციატივა, როგორც ჩანს, აკაკი ბობოხიძის ინიციატივაა, ასეთი განხილვა არ ყოფილა და შესაბამისად, დეტალები მას უნდა ჰკითხოთ", - აღნიშნა გაბაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ვანო მერაბიშვილმა კი გენერალური მდივნის თანამდებობა უნდა დატოვონ.

როგორც ბობოხიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ გარდა პარტიის ხელმძღვანელობის გადახალისება მთლიანად უნდა მოხდეს.

"მიმაჩნია, რომ პარტიის ხელმძღვანელობის გადახალისება უნდა მოხდეს გამომდინარე იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელ პირებს გვეკისრება იმ შეცდომებზე, რომლებიც აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო დაშვებული. იქნება ეს სრულიად ახალი თუ შერეული სახეები, ეს უნდა გადაწყვიტოს პარტიის ყრილობამ", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.