კოტე კუბლაშვილი:  ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხში მოსამართლის როლი ფორმალურია

კოტე კუბლაშვილი: ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხში მოსამართლის როლი ფორმალურია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხში მოსამართლის როლი მხოლოდ ფორმალურია. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს კუბლაშვილმა უმრავლესობის წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავარ პროკურატურას ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხში "ვიზა" სწორედ სასამართლომ მისცა.

"მე მგონი იურისტებმა კარგად უნდა იცოდნენ რას აკეთებს მოსამართლე, როცა სასამართლოში საპროტესტო შეთანხმება შედის. ბატონი ზაქარია იურისტია და თუ ესე კარგად იცის, ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს, თუ არ იცის, ორმაგად უფრო ცუდია. როგორც იცით, ბედუკაძესთან საპროცესო შეთანხება გაფორმდა, საპროცესო შეთანხმების დროს კი მოსამართლე არ შედის შინაარსის განხილვაში", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, ამ დროს მოსამართლე მხოლოდ იმას ადგენს, ხომ არ ჰქონდა რაიმე ზეწოლის ფაქტს ადგილი ბრალდებულის მიმართ.

"ეს პროცედურა სრულიად სამართლიანად წარიმართა სასამართლოში. მოსამართლემ შეამოწმა მხოლოდ ის, რაც კანონით დაადგენილია - ხომ არ დააძალეს, ხომ არ აიძულეს, ხომ არ ჰქონდა ზეწოლის და მუქარის ფაქტებს ადგილი ბრალდებულის მიმართ. მან თქვა, რომ ეს არ იყო ასე და თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შემდეგაც, მოსამართლემ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. ასე, რომ მოსამართლის როლი აქ არის მხოლოდ ფორმალური, მთავარია პროკურატურასა და ბრალდებულს შორის შეთანხება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.