ირაკლი ალასანია:  ავღანეთში დისლოცირებული ქართული შენაერთები უფრო უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ

ირაკლი ალასანია: ავღანეთში დისლოცირებული ქართული შენაერთები უფრო უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ავღანეთში დისლოცირებული ქართული შენაერთები უფრო უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. "ავღანეთში ჩვენი კონტინგენტი გადასულია მუშაობის სრულიად ახალ რეჟიმზე. უსაფრთხოების ის სამუშაოები, რაც ავღანეთში ჩემი ვიზიტისას ქართული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და ნატოს სარდლობასთან ერთად დაიგეგმა, პრაქტიკულად შესრულებულია. ის ორი მცირე ბაზა, რომელთა დახურვაც დაგეგმილი იყო, დაიხურა. ჩვენი შენაერთები გადავიდნენ უფრო უსაფრთხო ადგილას", - აცხადებს ირაკლი ალასანია "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში და იქვე დასძენს, რომ თალიბები ძალიან გააქტიურებულია. 

რაც შეეხება თალიბანის სახელით გასულ თვეს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქმის გასახსნელად მარტო IP მისამართის დადგენა არ არის საკმარისი.

"საქმის მასალებს ვიცნობ და გეტყვით, რომ არსებობს არაერთი ხრიკი ამ IP მისამართების შენიღბვისა, თუმცა გამოძიება წინ მიიწევს და თუ გვინდა ჭეშმარიტება დადგინდეს, არ უნდა ავჩქარდეთ", - აღნიშნავს თავდაცვის მინისტრი.