მიხეილ სააკაშვილი:  რეალურად, საქართველო ბრიუსელის რადარებზე სწორედ

მიხეილ სააკაშვილი: რეალურად, საქართველო ბრიუსელის რადარებზე სწორედ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ აღმოჩნდა

რეალურად საქართველო ბრიუსელის რადარებზე აღმოჩნდა სწორედ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იმ მასშტაბით, როგორითაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, - ამის შესახებ საქართველო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ვროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომელი პარტია იქნება საქართველოს მთავრობაში.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტებით, ვიზების გარეშე შედიოდნენ ევროპაში, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და პრაქტიკულად ბოლო ეტაპებზე ვართ გასული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე დაუბრკოლებლად გავიდეს, გაადვილდეს საქართველოს სტუდენტების სწავლა ევროპულ ინსტიტუტებში", – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველომ გასულ წელს რუსეთთან შვეიცარიის შუამდგომლობით ხელი მოაწერა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლას. "მინდა ევროკავშირს მადლობა გადავუხადო ამ ხელშეკრულების გაფორმებაში დახმარებისთვის. ისინიც დაგვეხმარნენ ამის გაფორმებაში, რადგან ეს არის პირველი ხელშეკრულება 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა იურიდიულად პრაქტიკულად აღიარა საქართველოს საერთაშორისო საზღვრები იმ გაგებით, რომ საერთაშორისო მონიტორინგი, რომელიც ამუშავდება უახლოეს ხანში, განხორციელდება სწორედ ფსოუზე და როკის გვირაბზე გამავალ საქართველოს საზღვრებზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რუსეთთან ღირსეული და პრინციპული პოზიცია დაიკავა. "იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ძალიან ღირსეული და პრინციპული პოზიცია დავიკავეთ რუსეთთან მიმართებაში. მე მინდა ამაზეც გითხრათ მადლობა, ისევე, როგორც იმ საკითხებზე რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ დაუსჯელობის სინდრომი არავის უნდა გვქონდეს, არც წინა მთავრობას, არც ახალს, ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. ასევე, მართლმსაჯულება არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. არ მინდა საქართველო რაიმე სახით უკან დავხიოთ იმ დიდი მიზნის განხორციელებაში, რომელიც ჩემი მიზანია - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი. ჩვენ არ გვინდა, რომ საფრთხეები შეიქმნას ვილნიუსის სამიტისთვის, ეს იქნება ჩემი ბოლო სამიტი, როგორც პრეზიდენტის. მე არ მინდა ჩავიდე სამიტზე იმ პოზიციით, რომ შეგვექმნას პრობლემები, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა პრობლემები გამოვრიცხოთ. რაღაც სახის დიალოგი მოვნახოთ", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.