პრეზიდენტი მზადაა, არჩილ კბილაშვილის გათავისუფლების საკითხს

პრეზიდენტი მზადაა, არჩილ კბილაშვილის გათავისუფლების საკითხს "ხელი დღესვე მოაწეროს"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის "ლამის გმირად გამოცხადებას" კატეგორიულად აპროტესტებს და მზადაა, არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს "ხელი დღესვე მოაწეროს". 

როგორც სააკაშვილმა ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას ეჭვი ეპარება, რომ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება კბილაშვილმა მიიღო.

"ის, რომ კბილაშვილმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე ზღაპრიდანაა, რომლიდანაც მიწაში ჩაფლულ კასრებში ახალ ვიდეოჩანაწერებს პოულობენ. მთავრობას, იუსტიციის მინისტრს, პრემიერის დავალებით დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბატონი კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მე დღესვე დავაკმაყოფილებ. თუ ეს არაა საბავშვო ბაღი და თამაშები, წარმოადგინონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე შეფასებით, ბედუკაძე არის ადამიანი, რომელიც პატიმართა წამების ამსახველ კადრებში რეჟისორიც და მთავარი გმირიც თავადაა.

"ბედუკაძემ თვითონ აწამა, თვითონ გადაიღო ეს ყველაფერი, თვითონ იყო პროდიუსერი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი, ახლა კი ლამის ოსკარზე წარადგინა პროკურატურამ, პრაქტიკულად გმირად გამოაცხადეს. დღეს გაირკვა ძალიან საინტერესო დეტალი, რასაც მე დიდი ხანია ვამბობდი, რადგან მქონდა ჩემი ინფორმაცია, რომ ეს ფირები 2011 წლის ზაფხულში არც თუ ისე ღარიბ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის შეკვეთით იქნა გადაღებული _ მასში დიდი ფული იქნა გადახდილი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა 90-იან წლებში კომპრომატებით ძალაუფლების ხელში ჩაგდება ან ძალაუფლების მქონე ხალხის მოშორება. ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპელები არ არიან სულელებიო. მე მინდა დავსვა ასეთი შეკითხვა _ ხომ არ ჰგონია საქართველოს მთავრობას, რომ ქართველი ხალხი სულელია?!", - აღნიშნა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტი შს მინისტრის მიერ ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობას მისი გამოძიების თაობაზე საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შესრულება არ შეუძლია. "დღეს ჩვენ გავიგეთ შს მინისტრისგან, რომ რაფალიანცის საქმეს, რომელიც ციხის ჩანაწრებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო იმ არჩევანისა, რომელიც ქართველმა ხალხმა ოქტომბერში გააკეთა, თურმე ვეღარ გამოიძიებენ და გამოძიება ჩიხშია შესული, მაშინ, როცა ამ პატარა ბავშვის მკვლელობა, რაც დიდი ტრაგედია იყო, ოპოზიციის მხრიდან მაშინვე დაბრალდა "ნაციონალურ მოძრაობას", - აღნიშნა სააკაშვილმა.